ჩვენი ქვეყნისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებში ჩვენ ქართულ საჯარო სკოლებს ვუშენებთ მცირე და საშუალო საწარმოებს, ბავშვებს ვასწავლით პრაქტიკაში ამ საწარმოს მშენებლობას, მართვასა და განვითარებას. წარმოიდგინე მეწარმეობის სრულ ციკლს. ფაქტიურად ახალი ბრენდის შექმნას ნულიდან. სპეციალურად შექმნილი სილაბუსის მიხედვით, მათ ვასწავლით 16 პროფესიას, ისინი ჩვენთან ერთად იწყებენ ბიზნესს და სწავლობენ ბიზნესის დასაწყებად საჭირო ყველა პროცესს, შემდეგ უკვე მის მართვასა და განვითარებას.
რაც ყველაზე მთავარია, საწარმოდან შემოსული თანხა სრულად რჩება სკოლებს და იხარჯება მათი განვითარებისთვის საჭირო პროექტებზე. მაგალითად ზოგ მოსწავლეს პროგრამირების სწავლა უნდა, ზოგს გერმანულის და ა.შ.
პირველი მეურნეობა გავაკეთეთ ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ზემო ნიქოზის სკოლაში ოქტომბერში, დაწყებიდან 8 თვეში გავფართოვდით და უკვე მუხრანის საჯარო სკოლაში შევედით, ასევე დაწყებიდან 8 თვეში მოვიგეთ ორი მნიშვნელოვანი ჯილდო, ერთი ახალ წელს ფერმერთა ასოციაციის დაჯილდოვებაზე გავხდით წლის ფერმერი საოკუპაციო ხაზთან, ხოლო მეორე სულ რამდენიმე დღის წინ, წინანდლის მამულში გამართულ ბიზნეს სამიტ მერიტოზე გავხდი წლის პროფესიონალი. ვფიქრობთ 8 თვეში გაფართოვება და ორი მნიშვნელოვანი აღიარება ძალიან კარგი სტატისტიკა და შედეგია, რაც მთავარია საჭიროა იმის შესაგრძნებად რომ ჩვენთან ერთად, სხვა ადამიანებსაც სჯერათ იმის რასაც ვაკეთებთ და რასაც ვაკეთებთ მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვებისთვის.
ჩვენი მიზანია საკუთარი საწარმო ქონდეს ყველა ქართულ საჯარო სკოლას, რადგან დღეს ჩვენ სკოლებს ყველაზე მეტად ჭირდებათ ფული, ფული განვითარებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს წესებით ცხოვრებისთვის, თანამედროვე განათლების სისტემისთვის. სამწუხაროდ ჩვენი სასკოლო განათლების სისტემა ძალიან ჩამორჩება თანამედროვე განათლების სისტემებს, ამიტომაც გვინდა ჩვენ სკოლებს ქონდეთ საკუთარი შემოსავალი, ბავშვებმა სკოლაშივე მიიღონ ბიზნესის კეთების პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ მომავლის არჩევაშიც დადებით გავლენას იქონიებს, ხოლო უკვე უნივერსიტეტში პირველივე სემესტრიდან მარტივად დასაქმდებიან არა ტრადიციულ სტუდენტურ სამსახურებში, არამედ უკვე მათი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით.'
გვინდა რომ მეურნეობა გახდეს ყველასთვის საყვარელი ბრენდი, ჩვენი პროდუქტების ყიდვით ყველამ იცოდეს რომ ის ავითარებს ქართულ განათლების სისტემას, საბოლოო მიზანი არის რომ 2208 ქართულ საჯარო სკოლას ქონდეს საკუთარი მეურნეობა.
ჩვენი ბიზნეს მოდელით ამას დაახლოებით 40-50 წელი ჭირდება, რადგან თითო სკოლის საწარმოდან მოგების 50 % მუდამ რჩება სკოლაში და იხარჯება სკოლისა და მოსწავლეების განვითარებისთვის, ხოლო მოგების მეორე 50 % კი გროვდება სხვა სკოლაში ახალი საწარმოს გასახსნელად, შემდეგ ორი სკოლის მოგების 50% გროვდება მესამე სკოლისთვის, შემდეგ სამის 50% მეოთხესთვის და ასე იქამდე სანამ საქართველოს ყველა სკოლას არ ექნება საკუთარი შემოსავალის მქონე საწარმო. თუმცა უკვე იმდენი ადამიანი და ორგანიზაცია გვიერთდება, გვჯერა რომ უფრო მალე მივაღწევთ მიზანს, ასევე გვჯერა რომ სახელმწიფოს გრძელვადიანი თანამშრომლობის საჭიროებაში დავარწმუნებთ და საბოლოოდ მთელ ქვეყანას გავაერთიანებთ ამ პროექტის გარშემო.
ეს ერთგვარი მექანიზმია ქართული განათლების სისტემის გარანტირებული და მუდმივი დაფინანსების, რაც ჩვენ სკოლებს ძალიან ჭირდებათ.
ჩვენი საწარმოების ყველა პროდუქტი გაიყიდება ბრენდის მეურნეობა სახელით და გვჯერა რომ წლების განმავლობაში მეურნეობა გახდება ყველასთვის საყვარელი ბრენდი და იყიდიან ჩვენ პროდუქტებს და ამ გზითაც ჩაერთვებიან პროექტის განვითარებაში.
მადლიერების ველი ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, უკარგესი საყვარელი და გულწრფელი პროექტია, რომელიც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის მადლიერების გამოხატვის მეტად ორიგინალურ შესაძლებლობას გვაძლევს, თან პროექტიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება საგანმანათლებლო პროექტს Meurneoba.ge -ს
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველ ადამიანის მიმართ გამოხატოს მადლიერება ორიგინალურად, გაუგზავნოს სპეციალური ბარათი, რომელშიც აღნიშნული იქნება რომ მისთვის აინთო მადლიერების მანათობელი, ‘’მადლობა, იმისთვის რასაც აკეთებ, this will shine for you forever!’
ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნით სივრცეს, რომელიც მუდმივად იქნება განათებული, იქნება ლამაზი და ყველასთვის საყვარელი ადგილი, სადაც შეგიძლიათ ერთის მხრივ გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანები, ხოლო მეორეს მხრივ დაეხმაროთ ქართული სასკოლო განათლების განვითარებას.